ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: კითხვებს ბადებს, რატომ გაჩხრიკეს ბრალის წარდგენის ბოლო წუთებში გენერალის საქმეზე დაკავებულის მანქანა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულის, გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი დაკავების 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დღეს, 18:00 საათზე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ მან “მეტრონომს” განუცხადა.

გიორგი ჭანტურია არა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის მუხლით, არამედ 236-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვას გულისხმობს.

“მაქვს ვარაუდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გაათავისუფლებენ. საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, თუ რაღაც ახალს არ მოიგონებენ”- აცხადებს “მეტრონომთან” ადვოკატი.

მისი თქმით, ჭანტურია მკვლელობის დროს ბანკში იმყოფებოდა, ხოლო როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიების ვერსიით მას ჯერ შელაპარაკება ქუთათელაძესთან მოუვიდა, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კი ბანკში წავიდა.

“როცა ბატონი ჭანტურია ესაუბრა ქუთათელაძეს, მასთან კომუნიკაციის შემდეგ ბანკში მივიდა, ვალი გადაიხადა და სახლში წავიდა. გამოძიება ზეპირსიტყვიერად გვეუბნება, რომ ჯერ მასთან ჰქონდა კომუნიკაცია, კონფლიქტი მოხდა და შემდეგ წავიდა ბანკში. გამოძიება ახლა არკვევს რომელია სწორი, ჩვენი ვერსია თუ მათი”- ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

დღეს, სამართალდამცველებმა დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის მანქანა მეორედ გაჩხრიკეს. ადვოკატის თქმით, ის ფაქტი, რომ მათ ჩხრეკის პროცესს არავინ დაასწრეს, კითხვებს ბადებს:

“მისი მამის მანქანა მეორედ გაჩხრიკეს. ჩემს თვალწინ დაილუქა მანქანა, როცა სახლის ჩხრეკა მოხდა. მაგრამ გადაწყვიტეს რომ ახლა კიდევ უნდა გაჩხრიკონ. მათ  ამის უფლება აქვთ, თუმცა მეტი დმაჯერებლობისთვის  უნდა დაესწროთ  ადვოკატი მაინც. ეს მათ არ გააკეთეს და ეჭვიც გააჩინეს თუ რატომ იქცევა გამოძიება ბრალის წარდგენამდე ბოლო წუთებში ასე”- აცხადებს დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში 16 იანვარს ერთი პირი დააკავა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ადამიანი, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.

დაკავებული ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....