„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია „ტვ პირველის“ ეთერში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ „ევროპულმ საქართველომ“ ათსჯერ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხს მომავლის პერსპექტივა დაანაახოს.
„პირველ რიგში, უნდა ვნახოთ თუ რას ვხედავთ, როდესაც საზოგადოებას პულსზე ვადებთ ხელს და აქ ციფრებს არ აქვს მნიშვნელობა. ცალსახაა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, საზოგადოების ნიჰილიზმი არის ოპოზიციური პარტიების შანსი – ხალხმა არ იცის ვინ არიან მათი მაჟორიტარები, ვის მისცენ ხმა და ა.შ. საზოგადოება ვერ ხედავს მომავლის პერსპექტივას. ეს ხელისუფლება 6 წელია მართავს ქვეყანას და ყურადღებას არ აქცევს ამ განწყობებს და მხოლოდ იმას ამბობენ თუ როგორი ცუდები არიან სხვები. რა თქმა უნდა, არ ვართ შედეგებით კმაყოფილი და ასჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ამ არჩევნებზე ვიმუშავეთ. ყოველ ადამიანს უნდა დავანახოთ თუ როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება, პერსპექტივა უნდა დაინახოს საზოგადოებამ. ცვლილებების მოლოდინში ვინ უპასუხებს საზოგადოების გამოწვევებს, ეს არის მთავარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები მოხდეს არჩევნების გზით“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
”ქართული ოცნება”– 31%,
არც ერთი პარტია – 30%,
უარი პასუხზე – 12%,
”ნაციონალური მოძრაობა”- 10%,
არ ვიცი – 5%,
”ევროპული საქართველო”- 4%,
”პატრიოტთა ალიანსი”- 3%,
სხვა – 1%.
NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.