ლისაბონის პორტში სამართალდამცველებმა ანანასში დამალული ასობით კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ნარკორეალიზატორებს 745 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში გადაჰქონდათ. პოლიციამ 9 მათგანი დააკავა. მათ შორის დაჯგუფების ლიდერებიც არიან.
კოკაინის პაკეტები, რომლებიც ანანასის ქერქში იყო მოთავსებული, სატვირთო კონტეინერებში იპოვეს. ოპერაცია ესპანელმა და პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს.
გამოძიების ცნობით, მათ ყოველ 20 დღეში კოკაინის პარტია კოლუმბიიდან ჯერ ბარსელონაში, შემდეგ კი მადრიდში ჩაჰქონდათ და სპეციალურ ლაბორატორიებში ამუშავებდნენ.