საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც, აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი დიდი ოდენობით შემოსავლის მოგების მიღების მიზნით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების – სათამაშო ბორბლის (ე.წ. ,,რულეტკა“) ტოტალიზატორის და ბინგოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.
აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 390 000 ლარი შეადგინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.