სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ, კომპანია “მილკოს” მიერ ბაღებში ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით შეტანილი პროდუქტის შესახებ ისაუბრა.
„ცხელი ხაზით იყო შემოსული სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს მიერ განხორციელდა საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება. კერძოდ, 4 ბაგა-ბაღი შემოწმდა. ასევე, იმ კომპანიის არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა, საიდანაც ეს რძე იყო წამოღებული. აღნიშნული შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა ეს სურსათთან დაშვებულია, სურსათთან უშუალო შეხებაშია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენ მიერ შემოწმების შედეგად, შეფუთვის კუთხით დარღვევა არ აღმოჩენილა“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შეფუთვის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ღვინისთვის, ასევე რძისთვის. როგორც მიქაძემ განმარტა, შესაძლოა ღვინის ეტიკეტის გამოყენების მიზეზი ყოფილიყო ის, რომ მწარმოებელს არ ჰქონდა შესაბამისი შეფუთვის მარაგი. „შესაძლოა მწარმოებელს არ ჰქონოდა იმ წუთში იმ შეფუთვის მარაგი, რომელსაც უშუალოდ იყენებს და ჰქონდა სხვა მარაგი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენა“, – განაცხადა მიქაძემ.
ეტიკეტის ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა ჩვენი შემოწმების შედეგად. ჩვენს მიერ ამ შემთხვევაში არანაირი სანქცია არაა გამოყენებული, რადგან აქ არ გვაქვს ის სამართალდარღვევა, რომლის გამოც შესაძლებელია მივიღოთ რაიმე სანქცია. არაგეგმური ინსპექტირების დროს მიცემული მითითებები თუ არ შესრულდება, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სანქცია“, – განაცხადა მიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით იყო შეტანილი.