პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვლის განცხადებით, საქართველოს შს მინისტრი აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი მმართველი გუნდიდან, რომელმაც ზუსტად გაიგო და განმარტა შეწყალების სამართლებრივი და მორალური მხარე. ამის შესახებ კომენტარი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
“საბედნიეროდ, ბატონი გიორგი გახარია ამ ხნის განმავლობაში აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტად გაიგო და განმარტა შეწყალების სამართლებრივი და მორალური მხარე. ამისთვის გვინდა, მას მადლობა გადავუხადოთ. ნამდვილად კარგი შინაგან საქმეთა მინისტრია ბატონი გიორგი. რაც შეეხება მის განცხადებას, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით, ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ. პრეზიდენტის პოზიცია არის ანალოგიური და ამ კუთხითაც მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ”,- განაცხადა აბაშიშვილმა.