მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირი რომელმაც მკვლელობამდე გენერალი სამსონ ქუთათელაძე უკანასკნელად ნახა დაკავებულია. გენერლის ახლობლების ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ჭანტურიაა, რომლის ოჯახიც წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.
გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა.
„მას ბრალი წარუდგინეს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს უკანონოდ ე.წ. ვაზნების შენახვას. აბსოლუტურად სხვა საქმეზე იქნა დაკითხული და როდესაც მისი სახლი იქნა გაჩხრეკილი, თუმცა ეს სახლი არ ეკუთვნოდა მას, ეკუთვნოდა მის მშობლებს, შესაბამისად, ამოღებული იქნა ვაზნები. დღეს ასევეგამოიკითხნენ მშობლები, მისი ოჯახის წევრები, სადაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად აღნიშნული ვაზნები ეკუთვნის მამამისს, კანონიერად ფლობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იარაღს, სწორედ ამ იარაღის ვაზნებია ეს,“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.
სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
წყარო: “პირველი რადიო”