“მეტრონომი” სასამართლოდან
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი 3 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა. პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა შემდეგი პროცესის საჯაროობაზე, თუმცა როგორც მან აღნიშნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა.
“დღეს დაცვის მხარის მიერ იყო დაყენებული ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა. ბრალდების მხარეს დასკვნით სიტყვაში არ უხსენებია პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა და ვთქვით, რომ პირად ცხოვრებაზე არ ვაპირებდით 31 იანვარის პროცესზე საუბარს, სადაც დასკვნით სიტყვას წარმოვადგენთ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ კვლავ ვერ გაბედა, რომ საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ამ შუამდგომლობაზე უარი გვითხრა”- აღნიშნა ფანცულაიამ.
პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარსდგა თავისი დასკვნითი სიტყვით. ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო დამნაშავედ ცნობს გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის, ანგარების მოტივით.
“ჩვენ მტკიცებულებები გავაანალიზეთ, სასამართლოს წარვუდგინეთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გიორგი მამალაძის ბრალეულობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მოკვლა უნდოდა შურისძიების, ასევე ანგარების მოტივით და გვაქვს ლოგიკური და კანონიერი მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სააპელაციო საჩივარს, გიორგი მამალაძეს.ცნობს დამნაშავედ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში, ანგარებით”- აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ნინი ცხადაია