შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიმვა უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია. ამიტომ მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მინდა, რამდენიმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ასპექტს გავუსვა ხაზი. პირველი – მოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა ის უნდა გახდეს, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია.
ყველანაირი ჰუმანიზაცია და ე.წ. ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის არანაირად არ უნდა აძლევდეს წახალისების რისკს, ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის მაგალითად, სასჯელების ვადები ან შემოწმების ფორმები, ეს ყველაფერი გადახედვადია და აქ ჰუმანურობის გარკვეული კორიდორი გვაქვს, აქ გვაქვს საშუალება, რომ უფრო პროგრესული გავხადოთ ჩვენი კანონმდებლობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.