ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოსთვის თურქეთში ყოფნის ვადები ჯერჯერობით არ შეიცვლება

საქართველო-თურქეთის კონსულტაციების დასრულებამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში ყოფნის ვადები არ შეიცვლება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ის უვიზო რეჟიმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გარღმავებას. როგორც გუშინ, შს მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა გაცხადებული, თურქულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულმა რეგულაციამ საქართველოს მოქალაქეებზე არ იმოქმედოს კონსულტაციების დასრულებამდე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ.

სწორედ ამ რეგულაციის გამო, ხმაურია დღეს დილიდან სარფის საბაჟოზე. მოვაჭრეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად გადადიან სამუშაოდ თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, ახალი რეგულაციებით კი მათ შეზღუდვები უწესდებათ.

იტვირთბა....