ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა პავლიაშვილის საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა

ნუცუბიძეზე, პოლიციასთან შეკამათების შემდეგ გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ საქმეში არ არსებული მტკიცებულებების გამო გამოძიება შეწყვიტა,  ოჯახის მოთხოვნით მოკვლევას გენინსპექცია განაგრძობს.

ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. მთავარ პროკურატურაში პაატა პავლიაშვილის ახლობლებისა და უფლებადამცველების შეხვედრაზე, სადაც მათ პროკურატურის გენინსპექციის მთავარი გამომძიებელი შეხვდა. შეხვედრას წინ ხანმოკლე საპროტესტო აქცია უძღოდა.

„იმ მთავარ კითხვას, რა მოხდა სინამდვილეში, როგორ განვითარდა მოვლენები, პასუხი ვერ გასცა პროკურატურამ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კადრები. სწორედ ის, რომ კადრები არ გადაღებულა, ამ საქმის გაგრძელებას ვაპირებთ გენერალურ ინსპექციაში,” – აცხადებს “საიას” სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ,  ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა.  დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს.  პაატა პავლიაშვილი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტს გულისხმობს.

 

იტვირთბა....