საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კლუბ „ბასიანის“ დაცვის წევრებისა და პოლიციის თანამშრომელის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სადაც არის ფიზიკური ძალადობა და ეს აუცილებელი მოგერიებით არ კვალიფიცირდება, იქ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისას უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო.
„სადაც არის ფიზიკური ძალადობა და ეს აუცილებელი მოგერიებით არ კვალიფიცირდება, იქ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისას უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო. სადაც აუცილებელი მოგერიებაა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსამართლემ ლმობიერება გამოიჩინოს. ასე, რომ ფიზიკური ძალადობა, მათ შორის სახელმწიფო მოსამსახურეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება, აქ მოსამართლის ჰუმანურობა გაუგებარია. ასე, რომ ერთი თარგით ვერ მოჭრი ყველა საქმეს“, – აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.