ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ია ანთაძემ “მოამბის” რედაქტორთა ჯგუფი დატოვა

ია ანთაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების “მოამბის” რედაქტორთა ჯგუფი დატოვა, ის ე.წ. სუპერდესკის წევრი აღარ არის. როგორც თავად ანთაძე ამბობს, ის საზოგადოებრივის ვებგვერდზე ახალი პროექტის გაკეთებას გეგმავს.

“ეს ფორმულირება, რომ მე დავტოვე “სუპერდესკი” არის კატეგორიულად არასწორი. როდესაც ჩვენ მივედით ტელევიზიაში ერთი წლის წინ, მაშინ ჩვენ დაგხვდა “ნიუსრუმის” ახალი კონცეფცია და ეს ყველაფერი საჭიროებდა განხორციელებას. იმისთვის, რომ ეს კონცეფცია განხორციელებულიყო, საჭირო იყო ახალი ადამიანები “ნიუსრუმში”, რადგან არსებულ შემადგენლობას ნამდვილად სჭირდებოდა გაძლიერებას.

ამ დროს ვასილ მაღლაფერიძემ მთხოვა, რომ ვყოფილიყავი ამ პროცესის მონაწილე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც უშუალოდ “ნიუსრუმში” მუშაობას არ ეხებოდა, მაგრამ ეხებოდა ჟურნალისტიკის პრინციპების ცოდნას და მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და ვიმუშავეთ ერთი წელი. მე მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ მეთხოვა, დავბრუნებულიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაში და მივიღე თანხმობა”,- განაცხადა ანთაძემ

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. ე.წ. სუპერდესკი ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გასული წლის დასაწყისში შეიქმნა. სუპერდესკის ჯგუფი დღის საინფორმაციო გამოშვებებს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ უკმაყოფილება არსებობს, რაც პოეტ ზვიად რატიანის შესახებ მაუწყებლის მიერ დაკავების ვიდეოს გავრცელებამ გამოიწვია.

წყარო: “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....