ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ხუხაშვილი:“ხელისუფლების ბრალია, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა იზრდება“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ეხმაურება, კერძოდ, იმ ნაწილს, სადაც გამოკითხულმა ადამიანებმა ქვეყნის საგარეო მიმართულება შეაფასეს.
როგორც ხუხაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების არაეფექტურობასთან.
„ეს ციფრი მეტყველებს იმ სკეპტიციზმზე, რაც უკავშირდება ჩვენს გზას. ეს იმდენად ევრაზიული კავშირის მომხრეები არ არიან, რამდენადაც საზოგადოებაში იზრდება კრიტიკული განწყობა ქვეყნის ევროპულ ვექტორთან დაკავშირებით. კრიტიკული განწყობა კი იზრდება იმიტომ, რომ ადამიანები სიკეთეებს ვერ ხედავენ ვერც სოციალურ-ეკონომიკური და ვერც უსაფრთხოებით მიმართულებით და შესაბამისად კითხვები უჩნდებათ. სწორედ ეს ყოველივე აისახა NDI-ის კვლევაში. ხელისუფლების ბრალია ეს სიტუაცია. მათი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნის უსაფრთხოება, რასაც ვერ უზრუნველყოფენ. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგი რაც გვაქვს“, – განაცხადა ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
გამოკითხულთა 60% მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

იტვირთბა....