ხაშურში, მოზარდებს შორის ჩხუბის შედეგად დაჭრილი არასრულწლოვნები, ოსიაურის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.
ოსიაურის სკოლის დირექტორი, თამარ გაგლოშვილი, მოსწავლეებზე დაყრდნობით, მომხდარი ინციდენტის დეტალების შესახებ ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმს” უყვება.
,,მოსწავლეების მონაყოლის მიხედვით ისინი რესტორანში კლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. უცხო პირები სხვა ადგილას, გარეთ ჩხუბობდნენ. სრულწლოვნები იყვნენ 20-დან 25 წლამდე, სავარაუდოდ. ამ ხმაურზე ჩემი სკოლის მოსწავლეები გარეთ გამოვიდნენ, რომ გაეგოთ რა ხდება და ამ დროს მოხდა ეს ინციდენტი, აბსოლუტურად გაუგებარ ვითარებაში. ეს იყო 2-3 წუთში მომხდარი ფაქტი”, – აცხადებს თამარ გაგლოშვილი.
კითხვაზე ჰქონდა თუ არა სიტყვიერ შელაპარაკებას ადგილი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შელაპარაკებას ბავშვების თქმით, ადგილი არ ჰქონია. თამარ გაგლოშვილის ცნობით, ამ დროისთვის, მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ერთ-ერთ მათგანს დღეს გამოწერენ, ხოლო მეორე მოსწავლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
,,ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ერთი მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს გამოწერენ, რაც შეეხება მეორე მოსწავლეს საკმაოდ მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები არ იყვნენ და მოსწავლეების მხრიდან განხორციელებული ძალადობა არ იყო, მე მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს სადისტური ჭრილობები აქვთ მიყენებული. სახეზე და მუცლის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. სახეზე აქვს ერთი ღრმა გამჭოლი ჭრილობა და მუცლის არეში შემავალი რთული ჭრილობაა”, – აცხადებს თამარ გაგლოშვილი.
როგორც თამარ გაგლოშვილი ამბობს, რომ მოსწავლეების თქმით, ინციდენტის მონაწილე პირებს, დაჭრილი მოზარდები არ იცნობდნენ.
დირექტორის ცნობით, გუშინ ღამით სამედიცინო დაწესებულებაში სულ 4 მოზარდი შეიყვანეს. აქედან სამი ოსიაურის სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო ერთი ხაშურის მეორე სკოლის. ორ მათგანი გუშინვე გაწერეს, რადგან მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. ორი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. მოზარდებს დაზიანებები ბასრი საგნით – სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები წუხელვე ჩაუტარდათ. მოზარდები ამ დრომდე სტაციონარში რჩებიან.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, ამჟამად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე პირების დადგენისა და დამნაშავის დაკავების მიზნით მიმდინარეობს.
სალომე ჩადუნელი
primetime.ge