ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა.
“მათთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, იმ ფორმატში როგორც ეს შესაძლებელია. რა ეტაპზეა გამოძიება, იგივე რატომ იყო აუცილებელი ოპერაცია იმ ფორმით ჩატარებულიყო, რა ფორმითაც ჩატარდა, რამდენად პროპორციული იყო ძალის გამოყენება ისე როგორც გვქონდა ჩვენ მაჩალიკაშვილის შემთხვევაზე. ეს არის ისეთი თემა, რომელზეც საზოგადოებასთან საუბარი აუცილებელია.
მე მაგალითად ხეობაში მოვისმინე, რომ როდესაც მოხდა დაჭრის ფაქტი სპეცოპერაციის დროს, სასწრაფო დახმარების გამოძახება არ მომხდარა მყისიერად, ყოველ შემთხვევაში გადაყვანა მოხდა დაგვიანებით. ხელისუფლებამ არა მხოლოდ მედიის საშუალებით უნდა გვესაუბრებოდეს, არამედ მტკიცებულებებით, ზუსტად როდის მოხდა შეტყობინება თუნდაც სამედიცინო დახმარებისთვის, როდის მოხდა გადაყვანა პირველად, რა ფორმით მოხდა გადაყვანა, იყო თუ არა ეს შესაბამისად აღჭურვილი საშუალება.
არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა დაწყებულა საქმის გამოძიება, განსაკუთრებით რეზონანსული საქმეები, მაგრამ შემდეგ გაყინულა. თუნდაც აფგან მუხთარლის საქმე რომ გავიხსენოთ. ევროკავშირისა და აშშ-ის განცხადებაც მოწმობს, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოსაც აქვს.
პანკისის ხეობაში მცხოვრებთათვის ძალიან საწყენია ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ სოციალურ ქსელში პანკისში შექმნილ ვითარებაზე, ადგილზე ერთხელაც არ არიან ნამყოფი. მათ ესმით, რომ ურთიერთობის ისეთი ფორმები, რომელიც დააზარალებს სახელმწიფოს, ეს მათაც დააზარალებს, ამიტომ ის ადამიანები ელოდებიან გამოძიების მიერ ფაქტებისა და მტკიცეუბულებების დადებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გამოძიება არ შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს”, – განაცხადა სულხან სალაძემ.