“მეტრონომი”: სასამართლოდან
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ ჭაღარა კაცი, რომელსაც მსჯავრდებული გიორგი ბაშალეიშვილი ხელს ადებს და ამბობს, რომ ცრუ პატაკი დააწერინა, პროკურატურის თანამშრომელია და ის მას ხელს აფარებს.
”ეჭვი მაქვს ეს ჭაღარა არის პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც ამას აკეთებდა, ის ამოიცნეს და ხელი დააფარეს, რადგან ასე აწყობთ”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
მოწმემ წინა ჩვენებაზე თქვა, რომ მან ცრუ ჩვენება იმიტომ დაწერა, რომ დაზარალებული მხარის მიერ შურისძიების შეეშინდა. ფირცხალავას კითხვაზე, ახლა ეშინია თუ არა მას შურისძიების, ბაშალეიშვილმა უპასუხა, რომ მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი და მაგიტომ აღიარა სიმართლე.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, მსჯავრდებულმა პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბაშალეიშვილმა ჩვენება შეცვალა. გიორგი ბაშალეიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი.
მან განაცხადა, რომ ჩხრეკისას დაკავებულებისთვის იარაღი არ აღმოუჩენია. იარაღის გავარდნიდან რაღაც დროის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე იარაღი დაინახა. ცრუ პატაკი კი ჭაღარა კაცმა დააწერინა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მის ამ ჩვენებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ის დარბაზიდან გაიყვანეს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები მეხუთე წელია მიმდინარეობს. პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.
ავტორი: ნინო ცხადაია
გურამ დონაძე: „ჭაღარა მითო, გამოგვეხმაურე და მოდი, თქვი სიმართლე“