ხაშურის სკოლის ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალი კლინიკის ხელმძღვანელი, კახა ხელაძე აცხადებს, რომ პაციენტი, რომელიც მუცლის არეშია დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, ექიმი მდგომარეობის გართულებას არ ელოდება და ამბობს, რომ მედიკოსების სიტუაციის კონტროლს ახერხებენ.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტები ღამით მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებით შევიდნენ.
„მათ შორის ერთს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს მიდამოს შემავალი ჭრილობა ორგანოების დაზიანებით და შესაბამისად, საჭიროებდა სტაციონარულ მომსახურებას და ქირურგიულ ჩარევას. მისი მდგომარეობა მეორესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ ექიმების ინფორმაციით, პროგნოზი კეთილსაიმედოა,“ – განაცხადა კახა ხელაძემ.
ხელაძის თქმით, ამავე ინცინდენტის შემდეგ კიდევ ორი პაციენტი მივიდა საავადმყოფოში, თუმცა, ისინი მალევე გაეწერნენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ხაშურში სკოლის 4 მოსწავლე დაჭრეს. 2 დაჭრილი უფროსკლასელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შედარებით მსუბუქად დაშავებული ორი მოზარდი უკვე გაწერეს.
ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.