“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან 2013 წლის მანძილზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებზე გრიფის მოხსნასა და გასაჯაროებას ითხოვს. ამ მიმართვით პარტიამ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეიტანა. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, საქმე შერჩევით მართლმსაჯულებას ეხება კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.
„სულ ახლახანს საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი გაასამართლეს შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს მეორე საქმის წარმოება, რომელიც თავის შინაარსით კიდევ უფრო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივია. ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილს და გენერალ თემურ ჯანაშიას, ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა. ამაში ითვლება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სომხეთის პირველი ლედისთვის ნაჩუქარი სუვენირი, უცხოური დელეგაციების მიღება და მათთვის მასპინძლობის გაწევა.
ბუნებრივია, ასეთი ხარჯები გაიწეოდა მას შემდეგაც, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, გაიწეოდა იმ პირების მიერ, რომლებიც დაინიშნა იავნიშვილის მიერ, მაგრამ რატომღაც ჩვენი პროკურატურა მალავს ამ ხარჯებს. რატომ იყო ის ადრე დანაშაული და რატომ არაა დღეს ეს დანაშაული. დღეს ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტ მარგველაშვილს წერილით და ვთხოვთ მას გაასაჯაროოს ის ხარჯები, რომლებსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გაიღებს 2013 წლის შემდგომ, ამის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას პროკურატურა 2009-2013 წწ.-ში სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.