თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელებს უჭერდა სახისა და ყელის არეში, ასევე ვ.ა.-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს სახის არეში ხელი დაარტყა. ვ.ა.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ვ.ა. 2017 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.