პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება. მისი თქმით, არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო ორ ნაპირად განვიხილოთ და პანკისის საკითხის ბინძური გეგმებისთვის გამოყენება არ მოხდეს.
“ძალიან კარგი, რომ დღეს პანკისს სოლიდარობას მთელი საზოგადოება უცხადებს – სოციალურ ქსელში და სხვადასხვა აქციების სახითაც: არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს მორღვეულ ტვინში საქართველო ორ ნაპირად განიხილონ – პანკისი და დანარჩენები!
თავის მხრივ, პანკისელებსაც მართებთ საქართველოს საზოგადოების ამ უპირობო თანადგომის ღირსეულად მიღება და გააზრება და პასუხისმგებლობის აღება საქართველოს მშვიდობიან მომავალზე – არ უნდა დაუშვათ, რომ ვინმემ პანკისი ბინძური და ძალიან საშიში გეგმებისთვის გამოიყენოს!
მხოლოდ კადიროვის განცხადება კმარა: “საქართველოში შემოაღწიეს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა და არ უნდა მივცეთ მათ აქ შემოღწევის საშუალება” – ეს განცხადება, ფაქტობრივად, საქართველოში გამოუცხადებელი ომის წარმოების წინაპირობაა.
უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება და დავამტკიცოთ, რომ საქართველოს საზოგადოება და სახელმწიფო შედგა!
ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სახელმწიფო კი რჩება. საქართველოს სახელმწიფოზე პასუხისმგებლობა კი, უპირველესად, საზოგადოების საქმეა”,-წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც გუშინ ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა დღეს დაკრძალავენ.
19 წლის ახალგაზრდას ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილიც დაესწრო. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.