ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებს 10 წლის ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ბატიაშვილების ოჯახი ადანაშაულებს.
ოჯახი აცხადებს, რომ სამართალდამცველები არასრულწლოვანს რამდენიმე საათის განმავლობაში მშობლის დასწრების გარეშე კითხავდნენ.
არასრულწლოვნის დაკითხვას მშობლის ნაცვლად საგანგებოდ გამოძახებული სოციალური მუშაკი ესწრებოდა. დაკითხვის მიმდინარეობის მიმართ გარკვეული შენიშვნები 10 წლის მოზარდსაც ჰქონდა. მისი ინფორმაციით, გამომძიებელმა ოქმში მონათხრობი დაუმახინჯა.
გუშინ მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე თამაშისას 8 და 10 წლის ბავშვებმა ერთმანეთს ბურთი მოარტყეს, გოგონას, რომელსაც ბურთი, სავარაუდოდ, უფრო ძლიერად მოხვდა დახმარება ბაბუას სთხოვა. ბატიაშვილების ინფორმაციით, სიტუაციის გასარკვევად ეზოში ჩასულმა 8 წლის გოგონას ოჯახის წევრმა მათ შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.