ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ში ზურაბ კუპრავას და მის მეუღლეზე თავდასხმის ფატზე კომენტარს აკეთებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ში აცხადებენ, რომ კუპრავას თავს მეზობელი დაესხა.

„მიმდინარე წლის 10 იანვარს, გამთენიისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.

პირველადი ინფორმაციით, კუპრავას მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციის დახმარებას ითხოვდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა – გ.დ.-მ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

თავიდან პირველად დახმარებაზეც უარი თქვა, თუმცა შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება)“, – აცხადებენ შსს-ში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან და შვილთან ერთად საკუთარ სადარბაზოში შედიოდა.

კუპრავასთან ერთად დაშავებულია მისი მეუღლეც. მისი თქმით, ყველაფერი  უცებ მოხდა. მის მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, მას კი ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, თუმცა თავად კუპრავა აცხადებს, რომ მომხდარი მის საქმიანობას, კერძოდ ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.

ჭრილობები ცივი იარაღით: არასამთავრობოს ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

იტვირთბა....