ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩხვირკიას და ღოღობერიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობაში დატოვება მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გააპროტესტეს. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ “თავისუფალი ზონის” წევრები. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

იტვირთბა....