ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: ანა დოლიძეს კვალიფიკაციაც, გამოცდილებაც სხვადასხვა მიმართულებით დიდი აქვს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ანა დოლიძს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნას გამოეხმაურა.

“ანა დოლიძე ვისაც არ უნდა დაენიშნა ამ თანამდებობაზე, მე ერთნაირად ვიტყოდი, რომ ძალიან სერიოზული შენაძენია ამ ორგანოსთვის. ანა დოლიძეს კვალიფიკაციაც, გამოცდილებაც სხვადასხვა მიმართულებით დიდი აქვს. მას მოუწევს რთულ ვითარებაში შრომა. ვისურვებდი, რომ ვერ შეძლონ მისი წონასწორობიდან გამოყვანა, რადგან იქ იქნება მსგავსი მცდელობები. საჭიროა ძალიან პრინციპული საკითხების დაცვა იმ ორგანოში, რომელიც სასამართლოს კურირებს. ცუდია, როდესაც პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს ნიშნავს ასეთ თანამდებობაზე, ეს არ არის კარგი, მაგრამ მგონია, რომ ეს არის არა პრობლემის მიზეზი, არამედ – შედეგი. როდესაც პრეზიდენტი ან სხვები, სხვა თანამდებობაზე ხედავენ სხვები რა კრიტერიუმებით ინიშნებიან, რამდენია დამოუკიდებლობის ხარისხი, რჩება ეს ბერკეტი, რომელიც არ არის საუკეთესო, მაგრამ ხელთ არსებული ბერკეტია, რომ კვალიფიციური ხალხი გამწესდეს ასეთ თანამდებობაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

იტვირთბა....