პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„სამწუხარო მოვლენაა ზოგადად ის, რომ იმ თანამდებობებზე, რომლებიც წარმოადგენს დამოუკიდებელ თანამდებობებს, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობა, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.