ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს.
„მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში
ცნობისთვის, პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ბერლინის კლინიკიდან დაუკავშირდნენ და მისი შვილის გადაყვანაზე დათანხმდნენ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისმა ახლობლებმა, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან, გადაამოწმეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაჭრილი კლინიკამ არ მიიღო, სიცრუეა.