ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი ჩხვიკიასა და მერაბ ღოღობერიძის განაჩენს მოსამართლე 10 იანვარს გამოაცხადებს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის განაჩენს მოსამართლე 10 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

განაჩენი ცნობილი დღეს უნდა გამხდარიყო, თუმცა მოსამართლემ მოულოდნელად განცხადება გააკეთა: „ამ საქმესთან დაკავშირებით მაქვს გარკვეული მოსაზრებები, ამიტომ გადაწყვეტილებას 10 იანვარს, 11:00 საათზე გამოვაცხადებ”,- განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

პროცესს ჩხვირკიას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

იტვირთბა....