ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათელაშვილი დენზე გაზრდილი ტარიფის გამო პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტია” ელექტროენერგიის მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას მიმართავს და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 27 დეკემბერს უფლებამოსილების აშკარა გადამეტებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

ნათელაშვილის თქმით, სემეკის და ,,თელასის” არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ტარიფის მატება განპირობებულია სამომავლოდ დარგში განსახორციელებელი ინვესტიციებით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც, ტარიფში შესაძლებელია აისახოს მხოლოდ გაწეული და არა მომავალში გასაწევი ხარჯები.

„რეჟიმმა საახალწლოდ დენის გაძვირებით გამოიწვია სოციალური კატასტროფა. სახეზეა სრული სიღატაკე და სრული ნგრევა იმ ელემენტარულის, რითიც ცხოვრობდნენ ადამიანები. აწევა დენზე ტარიფების, იყო წმინდა კრიმინალური მოტივირებით და კანონის უხეში დარღვევით,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. საყოფაცხოვრებო და კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. ხოლო თბილისში 1,50 თეთრით გაძვირდა.  ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

იტვირთბა....