ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კალაშნიკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირი მათ მოთხოვნას არ  დააკმაყოფილებს. კალაშნიკოვი ამბობს, რომ ევროპის მიერ დადგენილი სანქციები მსოფლიო ორგანიზაციის სავაჭრო წესებს არ შეესაბამება.

„სანქციები საერთოდ არ შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს… თუ ევროკავშირის სარჩელი დაკმაყოფილდება, ჩვენ ალბათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენ მონაწილეობას შევზღუდავთ, შესაძლოა სრული სახითაც.“- განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები პირველი ევროპელებმა დაარღვიეს, როდესაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირი, ღორის ხორცის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟმა დაიწყო ევროკომისიის სარჩელის განხილვა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა კონტრსანქციებით მიყენებული ზარალის გამო, კომპენსაციის სახით 1.4 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად.

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2012 წლის ზაფხულში 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გახდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არეგულირებს. ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან მის მიერ დაწესებული წესები.

იტვირთბა....