პოლიციის მაიორმა კახა ქრისტესაშვილმა, რომელიც საკუთარ სახლში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, ერთი კვირის წინ, გაზით მოწამლული ბებო გადაარჩინა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი წერს.
მეგობრის ინფორმაციით, თემქის დასახლებაში, სადაც ტრაგედიის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, გაზის მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია.
„ჩვენს „დინგოს“ 1 კვირის წინ თვითონ გადაურჩენია გაზით მოწამლული ბებო. ყოველდღე ურეკავდა და კითხულობდა, როგორააო და ახლა ისევ ეს გაზი მის სახლში. მილში ჩიტის ბუდე იპოვეს.
გაფრთხილდით, ხალხო! შეამოწმეთ ყველაფერი ასჯერ და ათასჯერ” – წერს მაიორის მეგობარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, თბილისში, თემქაზე, საკუთარ სახლში პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს. ტრაგედიის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
დაღუპული მაიორი კახა ქრისტესაშვილი 13 ივნისის სტიქიის ღამის გმირია – წყალდიდობის დროს სვანიძის ქუჩიდან პატარა ბიჭი გამოიყვანა.
ქრისტესაშვილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის, პრეზიდენტის განკარგულებით, მედლით – „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა.
kvira.ge