კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი ალეკო კვახაძე “მეტრონომთან” გუშინ სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებს აფასებს. მისი თქმით, უწყებამ ამით სცადა, რომ მაჩალიკაშვილის და ტეტორისტების კავშირი დაემტკიცებინა. კავკასიოლოგი ამბობს, რომ ერთის მხრივ ნამდვილად აღმოჩნდა, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილი ჩატაევის მეგობრებს იცნობდა, თუმცა მეორეს მხრივ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისიც მათი თანამოაზრე იყო.
კვახაძე ამბობს, რომ გამოქვეყნებული ვიდეოდან, ერთი კონტრვერსიული ფაქტი დასტურდება, რომ ადამიანებზე, რომლებზეც უწყების ინფორმაციით, უკვე თვალთვალი მიდოდა და წესით მათ სახლში ჩატაევი ჰყავდათ, ქალაქის ცენტრში, ღიად და დაუფარავად მოძრაობენ. ისინი არ ერიდებიან არავის და არაფერს.
ექსპერტი ამბობს, რომ მათი ჩაცმულობით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის ეს ადამიანები ასე თავისუფლად ნოემბრის დასაწყისში დადიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოებაში სისტემური პრობლემებია.
კვახაძე არ გამორიცხავს, რომ მაჩალიკაშვილს ისინი პანკისში გაეცნო და როგორც თანამემამულეები მათ საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვაში დახმარებოდა.
ანალიტიკოსი აცახდებს, რომ მასაც გაუცვნია ასე კავკასიელები და მათთვის მსგავსი დახმარება არაერთხელ გაუწევია, თუმცა მათი მოქმედების და ზრახვების შესახებ არაფერი სცოდნია.
“სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ერთი უცნაურობა ჩანს. ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის მიერ ძებნილი ჩეჩნები მაჩალიკაშვილთან ერთად, ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ გადაადგილდებიან და მათ არაფრის შიში არა აქვთ. ასევე გამოდის, რომ ამ დროს ისინი უკვე ჩატაევს მალავენ, იარაღს აგროვებენ და დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმას გეგმავენ.
მათ ჩატაევი ბინაში დაცვის გარეშე ჰყავთ დატოვებული და ეს სულაც არ ადარდებთ. ეს კი საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმართ კიდევ ბევრ კითხვებს აჩენს. ასეთი დონიის ტერორისტები ყველაზე დიდ სიფრთხილეს იჩენენ. წარმოგიდგენიათ კბილებამდე შეიარაღებულ, კარგად გაწვრთნილ სპეცრაზმს ამდენი საათი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს ხალხი ქუჩაში 19 წლის ბიჭთან ერთად დასეირნობდა.
რაც შეეხება ჩატაევის ქვეყანაში შემოყვანას, ამის ასე კუსტარულად გაკეთება შეუძლებელია. წარმოუდგენელია საზღვარზე ეს კაცი პატარა ბიჭების იმედად შემოსულიყო, მითუმეტეს დაკავებული პანკისელები უშიშროების და ანტიტერორისტული სამსახურის მხრიდან მანამდეც კონტროლდებოდნენ. ასევე პანკისელები ამბობენ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ხეობაში ჩადიოდა და მას სრულიად სხვა სახელით იცნობდნენ.
რატომ მანამდე არ მოხდა ამ პირების შემოწმება, სანამ იარაღის ამხელა არსენალს მოაგროვებდნენ და სიტუაცია აქამდე მივიდოდა? როგორ მივიდნენ სუს-ის მიერ დაკვირვების ქვეშ მყოფი პირები საზღვრამდე და მსოფლიოში ძებნილი ტერორისტი ქვეყანაში უპრობლემოდ შემოიყვანეს? ეს კითხვები არსებობს და ამაზე ყველას პასუხის გაცემა მოუწევს”,-ამბობს კვახაძე “მეტრონომთან”.
მისივე თქმით, აქ სულ ცოტა უსაფრთხოების სამსახურის გულგრილობასთან და ცუდ მუშაობასთან გვაქვს საქმე. დანარჩენი კი გამოძიების პრეროგატივაა. კვახაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების სისტემაში სერეიოზული ჩავარდნა მოხდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც დასავლელმა პარტნიორებმა სპეცოპერააციის დასრულების შემდეგ პირველი კითხვა ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლაზე და იმაზე დასვეს თუ
ვინ იყო მათი აქაური მეკავშირე. კვახაძის აზრით, ხელისუფებას ორი გზა ჰქონდა, ერთი ეღიარებინა, რომ უსაფრთხოების სისტემური ჩავარდნა მოხდა ან ტერორიზმის სპონსორობა და ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, რომ ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამიტომ ექპსერტის თქმით, ხელისუფლებამ პირველი გზა აირჩია.
სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კადრში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.
რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.
ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.
სპეცოპერაციისას დაჭრილია 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის მდომარეობაც მძიმეა. მედიკოსთან კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაამგზავრონ.
ავტორი: ელზა პაპოშვილი