ახალი ამბები მთავარი სამართალი

სესიაშვილი სუს-ის მიერ თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს-ი ამოცანას წარმატებით ართმევს თავს.

„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩდა და წარმატებით ართმევს თავს ამოცანას, აქვს ჩვენი გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ასეთ გამოწვევებთან გვაქვს საქმე, ჩვენი ძალოვანი უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ისინი მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დროს ცდილობდნენ ცოცხლად აეყვანათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დისლოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, სადაც სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი დაგვეღუპა და ოთხი დაიჭრა და მაშინაც, როცა აკავებდნენ ამ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს თბილისსა და ახმეტის რაიონში.

დღეს სუს-მა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში და ცხადყოფს, იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სუსმა დღეს აჰმედ ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალებიგამოაქვეყნა.

 

 

იტვირთბა....