რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლეწევრი უნდა დაასახელოს. ზუსტად 12 დღეში იუსტიციის საბჭოში საპრეზიდენტო კვოტით წარდგენილ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილება ეწურება, ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს მის ადგილს.
თუმცა გაჟღერდა რამდენიმე გვარი, მათ შორის სახელდება ანა დოლიძე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია. ასევე პოსტზე განიხილებიან პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც და “საიას” ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებში მიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა უნდა შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს სასამართლო სისტემაში არსებულ გაძლიერებულ ჯგუფებს.
„დღეს სასამართლო სისტემაში არიან გაძლიერებული ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ასევე, აჩენენ კითხვის ნიშნებს ზოგადად, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ კანდიდატი, რომელიც დასახელებული იქნება, იყოს ძალიან შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი, რომელსაც ესმის ის გამოწვევები, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს,“ – განაცხადა ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც იბრძოლებს დამოუკიდებელი სასამართლოსთვის.
„ზუსტად ეს კლანური სისტემა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს სასამართლო სისტემისთვის, იქ კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც ატარებენ თავიანთ ინტერესებს და არა საზოგადოების ინტერესებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც უკვე არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რომელიც იბრძვის უფრო დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, მათ შეემატოთმნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტური ადამიანი. კანდიდატი, რომელიც შეძლებს მათ გვერდით ბრძოლას,“ – აღნიშნა ეკა გიგაურმა.