გუშინ სოციალურ ქსელში ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც მცირეწლოვან ბავშვს მშობელი სიგარეტის მოწევისკენ მოუწოდებს. ვიდეოში ასახულია, როგორ ეწევა სიგარეტს პატარა ბიჭუნა, რომელიც დაახლოებით სამი წლის უნდა იყოს. ამას უფროსები უყურებენ და არანაირი რეაქცია არ აქვთ, პირიქით, იცინიან. ვიდეო ბათუმშია გადაღებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის“ ხელმძღვანელმა ანა არღნიშვილმა რეაგირებისთვის სოციალურ სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. არღნიშვილის განცხადებით, სოციალურმა სამსახურმა მომხდარზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმეში შსს ჩაერთო. ის ჯანდაცვის სამინისტროს სიტუაციაში გარკვევას და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.