წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასა და ამ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა.
”სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნოს შესაბამისი კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. შემდეგ გავუგზავნით ამ კლინიკას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილის ოჯახიც.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.