იტალიაში ბინის ძარცვაში ბრალდებული ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი რეჯო ემილიაში 31 დეკემბრის ღამეს მოხდა. ორმა მძარცველმა ბინაში შეაღწია და იქ აღმოჩენილი სეიფის გახსნას შეეცადა.
თუმცა ხმაურის გამო, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის გამოჩენის შემდეგ, მძარცველებმა გაქცევა სცადეს. ერთ-ერთმა სამართალდამცველებისგან თავის დაღწევა შეძლო. მეორე კი პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დააკავეს.
როგორც იტალიური მედია წერს, ის 42 წლის ქართველი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ყაჩაღობისთვის. ამჯერად მას ბინის ძარცვასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი. ინციდენტის დროს დაშავდა პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.