ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა. მისი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი და კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული.
შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, მაჩალიკაშვილის მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობს და სახელმწიფო სახსრებიდან ფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია. მისი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ 19 წლის მაჩალიკაშვილს სპეცრაზმი საძინებელში შეუვარდა და საწოლში ესროლა. სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა, რა დროსაც მას ესროლეს.