ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუზეუმის 2 თანამშრომელს თაღლითობისთვის გირაო შეეფარდათ

სუს-ის მიერ დაკავებულ ეროვნული მუზეუმის 2 თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახედ 5000-5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, საპატირმო უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე.

ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

“წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს დიდი ოდენობით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში ა. დ.–მ და ქ. დ.–მ 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ ლიბანის მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში მხატვარ რიხარდ ზომერის ფერწერული სურათის ასლის შეძენით. ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ოფიციალურ დასკვნას, თითქოსდა ტილოზე შესრულებული ფერწერული სურათი წარმოადგენდა მხატვრის ორიგინალ ნამუშევარს, რისთვისაც წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი. 2017 წლის 28 დეკემბერს, თაღლითური გეგმის შესაბამისად, ბრალდებულებმა ყალბი დასკვნის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გამოართვეს დარჩენილი თანხის ნაწილი.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

იტვირთბა....