პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ანალიზების შედეგად უარყოფითი დინამიკა ვლინდება. მისივე თქმით, ექიმები წნევისა და სხვა სასიცოცხლო მონაცემების დაბალანსებას მედიკამენტების მეშვეობით ცდილობენ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა დღეს შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.