პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, რომელმაც მის შვილს ესროლა. როგორც ის ამბობს, მთელი პანკისის მოთხოვნაა, სიმართლე გაირკვეს.
“ჩემი შვილი გარეული არაფერში ყოფილა. გამაგებინონ, ვინ ან რატომ ესროლა? მინდა დამნაშავე დროულად დაადგინონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს დამნაშავე. ვიცით, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ?! ვის რას უშავებდა?!”, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში. მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.
მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.