პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების, სპეცოპერაციების და აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის უკან “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი რუსულ კვალს ხედავს. ელისო კილაძე “პირველ რადიოსთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს რა ცეცხლს ეთამაშება პანკისის ხეობის სახით.
“დიახ, ვხედავ რუსული სპეცსამსახურების კვალს იმიტომ , რომ აჰმედ ჩატაევი თავის დროზე იყო რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლის დროსაც გაჩნდა გარკვეული ეჭვები, როდესაც მისი ბატალიონიდან მთლიანად, 200 კაცი დაიღუპა და თვითონ გადარჩა ცოცხალი.
თუ ამ ვერსიას დავიჯერებთ, მაშინ სწორია ის ვერსიაც, რომ აჰმედ ჩატაევი საქართველოში შემოვიდა, შემოიყვანეს ის რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით და მათი დახმარებით იმის გამო, რომ ლარსიდან გადმოსული რუსი ტურისტების ავტობუსი უნდა აეფეთქებინათ, რასაც მოყვებოდა რუსეთის საჯარისო ნაწილების სრულიად ლეგიტიმური შემოსვლა საქართველოში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარების მოტივით. ეს კითხვები არსებობს.
ამ კითხვებზე პასუხები არ არის, სიტუაცია არის ბევრად რთული ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს იმიტომ, რომ კონტროლიდან გამოდის ეს სიტუაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მეტ ნაკლებად დაწყნარებული იყო იმიტომ რომ იქ სიტუაციას ანტიტერორისტული სამსახური ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად აკონტროლებდა. რა მოხდება ამის პროგნოზირება არის ძნელი.
პირველ რიგში აუცილებელია, რომ მაჩალიკაშვილი გადარჩეს და ამის შემდეგ უკვე უნდა მოხდეს პირდაპირი დიალოგი უხუცესებთან და აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პირების დასჯა, რომლებიც ამ სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ , წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ შურისძიება იქნება.
თავს ნუ დავიმშვიდებთ იმით, რომ არ გამოცხადდება ჯიჰადი, რაც არ მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იმიტომ, რომ მაშინ ქართული მხარე გამართლდა უხუცესების შეკრებაზე. თუმცა გია ლორთქიფანიძის მისამართით ჩეჩნების მხრიდან მაინც იყო შურისძიების ორი მცდელობა – ერთი აფეთქება იგეგმებოდა კუს ტბაზე, რომელიც აღკვეთილ იქნა და მეორე მის სახლში ლაგოდეხში. ამიტომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს რა ცეცხლს ეთამაშება პანკისის ხეობის სახით”,- განუცხადა ელისო კილაძემ “პირველ რადიოს”.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა პანკისში სპეცოპერაციის შედეგად, 22 ნოემბერს ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა, აქედან ერთ-ერთი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწვეის გამო სპერაზმელმა დაჭრა. მისი მადომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
წყარო: “პირველი რადიო”