ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალურად დაუცველი ქალბატონის, გარდაცვალების ხარჯების ანაზღაურებაზე ისნის გამგეობა უარს აცხადებს

ისანში სოციალურად დაუცველი ქალბატონი გარდაიცვალა, რომლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე ისნის გამგეობა უარს ამბობს, ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” წერს.

„ეს ქალბატონი იყო სოციალურად დაუცველი და იმყოფებოდა შეფარებული ერთ-ერთ ოჯახში. გუშინ გარდაიცვალა. ჩვენ ავიღეთ გარდაცვალების ცნობა და მივმართეთ ისნის გამგეობას, რომ დაკრძალვის ხარჯები გაეღოთ. თუმცა, იქ გვითხრეს, რომ წლის ბოლოა და ბიუჯეტი არ აქვთ. ჩვენ მხოლოდ სარიტუალო ხარჯებს ვითხოვდით, რადგან ქალბატონს მეუღლის გვერდით ადგილი აქვს. ეს ქალბატონი იყო მანანა ფროიძე. ისნის გამგეობაში შეურაცხყოფა მომაყენეს. ახლა ვგეგმავთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ტელევიზიებს და თუ ესეც შედეგს არ გამოიღებს, მეზობლები შეიკრიბებიან, მოჰკიდებენ ამ მიცვალებულს ხელს, წაიყვანენ ისნის გამგეობაში და დაასვენებენ იქ. ახალი წელია, ყველას თავისი ოჯახი აქვს. მადლობა უნდა გვითხრან, რომ ასეთ ოჯახს ვინახავდით”, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.

ისნის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ რაიონის ბიუჯეტი მთლიანად გახარჯულია.

„აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილის ნათესავმა გვაცნობა. ის პირადად იყო მოსული გამგეობაში და ითხოვდა დაკრძალვის ხარჯებს, თუმცა, წლის ბოლოა და ბიუჯეტი მთლიანად გახარჯულია. ამიტომ გამგეობას ერთჯერადი დახმარების გაცემაც კი არ შეუძლია. შევთავაზეთ, რომ დაეკრძალათ საკუთარი ხარჯებით, 3 იანვარს კი დაეწერათ განცხადება და შესწავლის შემდეგ ამ ხარჯს ავუნაზღაურებდით, თუმცა, უარი მივიღეთ“, – აცხადებენ ისნის რაიონის გამგეობაში.

იტვირთბა....