პოეტმა რატი ამაღლობელმა, კულტურის სამინისტროში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ზვიად რატიანის საქმეზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევაზე იყო პასუხი მისი დღევანდელი ვიზიტი კულტურის სამინისტროში. სურვილი იყო მისი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გარკვეული შეთანხმებები მოვნახოთ. ჩვენ ვაფასებთ ამ სურვილს. ახლა ვითარება არის ასეთი, რომ ერთ მხარეს არის სისტემა, 40 ათასი ადამიანი დასაქმებული, ბიუჯეტით დაფინანსებული და მეორე მხარეს არის ერთი ინდივიდუალური მოქალაქე, ზვიად რატიანი. ასეთი დაპირისპირებაა – სისტემა და მოქალაქე. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და ჩვენი პოზიციაა, რომ მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და კომპეტენცია და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, მინიმუმ ჩამოაშოროს დაკავებულ თანამდებობას გამოძიების პროცესში“, – განაცხადა ამაღლობელმა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.