ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. მას მხოლოდ ბრალდებულების ახლობლები ესწრებოდნენ. სხდომა შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე გაიღო.
მანამდე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი დაკავებულის, ზურაბ გორნაკაშვილი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა. მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.
მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.