ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთვრალი პოეტი რომ პოლიციელს აგინებს, ეს დანაშაულია, ხოლო ფხიზელი პრემიერი რომ დეპუტატს აგინებს – ეს ღირსების დაცვაა?”

“მთვრალი პოეტი რომ პოლიციელს აგინებს, ეს დანაშაულია, ხოლო ფხიზელი პრემიერი რომ პარლამენტის დეპუტატს აგინებს – ეს ღირსების ლეგიტიმური დაცვაა?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია წერს:

“პოლიციელის გინება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდია, მათ შორის მთვრალი პოეტის მხრიდან. „ნებისმიერ შემთხვევაში“ ნიშნავს: მაშინაც, თუ მანამდე პოლიციელი არასწორად მოგექცა.
ეს კი ბატონო, მაგრამ ზვიად რატიანის შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია მაინც ძალიან არამყარია. პოლიციის პიარი მთლიანად იმის დასაბუთებას ემსახურება, რომ რატიანი იგინებოდა. მაგრამ აქ სულ მცირე ორი პრობლემაა. ჯერ ერთი, გარდუვალად ისმება ზოგადი კითხვა: მთვრალი პოეტი რომ პოლიციელს აგინებს, ეს დანაშაულია, ხოლო ფხიზელი პრემიერი რომ პარლამენტის დეპუტატს აგინებს – ეს ღირსების ლეგიტიმური დაცვაა? ვერბალურ თავშეკავებას ვის უფრო ვთხოვთ: მთვრალ პოეტს ქუჩაში, თუ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში? ხელისუფლებისთვის მომგებიანი პასუხი ამ შემთხვევაში არ არსებობს.
უფრო კონკრეტულად, ზვიად რატიანის შემთხვევაში მთავარი საკითხია არა მოქალაქის მხრიდან გინება, არამედ პოლიციის მხრიდან ცემა. ხელისუფლება კი ცდილობს, მთელი ყურადღება გინებაზე გადაიტანოს. ისე გამოდის, რომ ცემის ბრალდებას ვერ უარყოფენ და გვეუბნებიან: დიახ, საცემი იყო და ვცემეთ. აბა, ქართველი კაცი დედის გინებას როგორ აიტანს?
ამის შემდეგ რა დავწერო, აღარ ვიცი.” – წერს ნოდია.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

პოეტი აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში ჩივის.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.

იტვირთბა....