ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მშობლის თქმით, 118-ე სკოლაში ჩხუბის შედეგად მისი შვილი კლინიკაშია გადაყვანილი

118-ე სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი მეოთხე დღეა იაშვილის კლინიკაში იმოფება, რადგან სკოლაში თანაკლასელებთან ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ მშობელმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ინფორმაცია კი 1tv-მ გაავრცელა:

„დილით, კლასში შესვლისთანავე, ჩანთამოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში და რომ არა შეძახილები „მასწავლებელი მოდის“, ღმერთმა უწყის, რა უბედურება დატრიალდებოდა… დროის გასვლასთან ერთად, ბავშვს ჩივილები მოემატა და დაეწყო ცნობიერების კარგვა, გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრომაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას თავზე“, – წერს მშობელი.

ინციდენტს პირველ არხთან საუბარში ადასტურებს სკოლის დირექტორი გიული შენგელია, რომლის თქმითაც, ჩხუბი დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა და ინციდენტი მალევე ამოიწურა.

მომხდარზე პირველ არხთან განმარტება გააკეთეს განათლების სამინისტროში. უწყებაში სკოლის დირექტორზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დეკემბრის დასაწყისში, პირველი გაკვეთილის შემდეგ, საკლასო ოთახში მეხუთე კლასის მოსწავლეებმა იჩხუბეს. ჩხუბის დროს საკლასო ოთახში პედაგოგი არ იმყოფებოდა.

„როცა კლასის დამრიგებელი მეორე გაკვეთილის შემდეგ ბავშვებთან მივიდა, მოსწავლეებისგან გაიგო აღნიშნული ჩხუბის თაობაზე. ბავშვებს გარეგნულად ჩხუბის კვალი არ ეტყობოდათ. ბავშვებმა განაცხადეს, რომ ისინი მეგობრები არიან და არ უჩხუბიათ. რამდენიმე დღის შემდეგ დამრიგებელთან მივიდნენ მშობლები და უთხრეს, რომ ბავშვს თვალი აქვს ჩალურჯებული. თუმცა ჩალურჯებული თვალი პედაგოგს მანამდე არ შეუმჩნევია. ამავე დღეს საბას დედა შეხვდა სკოლის დირექტორს და შვილის პარალელურ კლასში გადაყვანა სთხოვა. დირექტორმა მშობელს აუხსნა, რომ ვინაიდან მეხუთე კლასების საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა, კლასის შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებდა. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვი იმავე კლასში დარჩენილიყო ყურადღების ქვეშ. რამდენიმე დღის შემდეგ, საბა კანტიძე გადავიდა N 119 საჯარო სკოლაში. N 118 სკოლის დირექტორმა 25 დეკემბერს დღის ბოლოს გაიგო, რომ საბა გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. დაუკავშირდა მშობელს, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში თავთან დაკავშირებული პრობლემებით და არის ეჭვი, რომ ტრავმა მიღებულია სკოლაში ჩხუბის დროს. თუმცა, ეს ეჭვი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

იტვირთბა....