“პირველი არხის” მიერ პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
“ეხ ვასიკო, ვასიკო,
პრემიერი პარლამენტში რომ იგინება, იმის ჩვენება არ შეიძლებაო, უცენზურო სიტყვები იხმარაო და დანარჩენი როგორ გეკადრებათ, რა სასიამოვნო საყურებელიაო.
და სადმე ვინმემ უარყო რომ რატიანი იგინებოდა?
კითხვები დანარჩენს ეხება:
1. როგორ დაიწყო კონფლიქტი?
2. როგორც არ უნდა დაწყებულ-გაგრძელებულიყო, პოლიციელი “ბიჭო, კოსტუმში კი არ დავბადებულვარ” პრინციპით მოქმედებდა თუ იმ კოსტუმის შესაბამისი კანონით, რომელიც აცვიათ?
3. ღირსებას იცავდნენ პოლიციელები, როგორც ჩანს და ჩვენ ვერ გავიგეთ? ალბათ ამის თქმა უნდოდა ვასიკოს, მაგრამ ესეც ვერ გვითხრა” – წერს ხიდაშელი.
“პირველმა არხმა” გაავრცელა ის ვიდეომასალა, რომელიც ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ სასამართლო პროცესზე წარადგინა და სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.
“პირველმა არხმა” შსს-ს ვიდეომასალის მოწოდების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოს ნახვა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.