ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზურაბიშვილი: ვინც პოლიციის ჩვენებას დაიჯერებს რატიანის საქმეზე, კახა თარგამაძის სახელობის პრემია გადაეცით

“ზვიად რატიანის სასამართლო პროცესზე გახლდით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი, დავით ზურაბიშვილი წერს:

“განაჩენი გამოცხადდება 29 დეკემბერს. განსაკუთრებით საინტერესო რაც მომეჩვენა, ისაა, რომ პოლიციამ პრაქტიკულად შეცვალა პირველი ჩვენება, რომლის მიხედვითაც ისინი ახორციელებდნენ საპოლიციო კონტროლს (ანუ რეიდს), გააჩერეს მოქალაქე რატიანი, რომელსაც მოთხოვეს საბუთები, რაზედაც პასუხად მიიღეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამიტომ იძლებული გახდნენ განყოფილებაში გადაეყვანთ. ეს ვერსიაა ასახული მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაშიც.

სასამართლოში კი მოწმე პოლიციელებმა ვითარება დახატეს შემდეგნაირად: ისინი საპოლიციო კონტროლს (ანუ რეიდს) კი არ ახორციელებდნენ, არამედ უბრალოდ მისეირნობდნენ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირისკენ (ამ დროს მანქანა რატომღაც გერმანიის საელჩოსთან ჰქონდათ დატოვებული) და შემოესმათ ხმამაღალი გინება, მივიდნენ ახლოს და ხედავენ, რომ მოდის მთვრალი რატიანი და ხმამაღლა იგინება (პირდაპირ “ვეფხისტყაოსანი” გაგახსენდება კაცს: “ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა.”). შეწუხდნენ პოლიციელები და თავაზიანად ჰკითხეს, რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. იმან კიდევ, თქვენ ვინ ჩემი ისა ხართ, როგორ ვერ მცნობთ ამხელა კაცს, არ იცით ვინ უნდა გააჩეროთ თქვენი დედა და ასე და ისეო. პოლიციელებმა კვლავ თავაზიანად, მოქალაქევ, იქნებ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი წარმოგვიდგინოთო, რაზედაც მთვრალი პოეტი სულ გადაირია, გინებით ხომ აგინა მათაც, პიპინიასაც, ჯერ ერთ პოლიციელს ჩააფარა სახეში, მერე მეორეს და ესენიც იძულებული გახდნენ ნაზად და ლამაზად დაეკავებინათ, მოკრძალებით დაედოთ ხელბორკილი და გამოძახებული მანქანით გადაეყვანათ განყოფილებაში, თუმცა ბორკილდადებული რატიანი არ წყვეტდა წინააღმდეგობას და ერთ პოლიციელს უკბინა კიდეც. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ერთ-ერთი პოლიციელი ეპიზოდურად იღებდა მთელ ამ ამბავს მობილურით.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე ვერსია არის საცობში მოყოლილი თაკო გვაზავას ცნობილი ფბ პოსტის ოდნავ უტრირებული გადამღერება (თავად ეს პოსტიც საქმეში ფიგურირებს, როგორც პოსტი). მართალია, პოლიციელები ჩვენების ამბავშიც ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, იყო თუ არა იმ დროს საცობი, მაგრამ ეგ წვრილმანია.

მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შსს-ში საერთოდ გვაზავას პოსტზე გადააწყვეს თავდაპირველი ჩვენებები.

აი, ეგეთი ამბებია. ვინც ახლა ამას დაიჯერებს (თავად ზვიადის ჩვენებით, ეს პოლიციელები მოგვიანებით მოვიდნენ და მანამდე უფორმო ოპერებმა მიაყენეს შეურაცხყოფა), ალბათ პირდაპირ კახა თარგამაძის სახელობის პრემიაზე უნდა იქნეს წარდგენილი, ან, ჰა ჰა, ოქროს ფრთაზე.”-წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში აღწერს, თუ რა მოხდა თამარ მეფის გამზირზე. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, საცობში მდგარმა, ტაქსიდან სწორედ აღნიშნული შემთხვევა იხილა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციას ფორმა ეცვა, ხოლო პოეტი აგრესიულად იქცეოდა. გვზავას თქმით, რატიანმა პოლიციის ერთ-ერთ წევრს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.

“პირველი არხი” ზვიად რატიანის დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

იტვირთბა....