პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპარაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, გამოძიება მას საქმის მასალებს არ აძლევს. ადვოკატი აცხადებს, რომ სუს-მა მაჩალიკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა იმის მიუხედავად, რომ ოჯახის სურვილით, ადვოკატი სწორედ ის არის.
ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ უსაფრთხების სამსახურს გაყალბებული მასალები აქვს და მათ ინტერესებში შედის, რომ მაჩალიკაშვილს სახაზინო ადვოკატი ჰყავდეს. მან გუშინ გადასცა სუს-ის წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ის არის.
“გუშინ, როდესაც სუს-ის შენობასთან ვიყავი მისული, ზუსტად ერთ საათზე მეტი ვიხვეწებოდი, რომ კანცელარიაში შევეშვი , რომ ჩამებარებინა ოფიციალურად განცხადება გამომძიებლის სახელზე. მე ეჭვი მაქვს იმაზე, რომ საქმეში გაყალბებული მტკიცებულებები დევს, რაზეც მხოლოდ მე შემიძლია მქონდეს წვდომა და არა სახაზინო ადვოკატს იმიტომ, რომ მე შემიძლია დავუკავშირდე ოჯახს, ველაპარაკო, გავარკვიო ის საქმის დეტალები, რაც საეჭვოდ შეძლება მეჩვენოს. სახაზინო ადვოკატს კი გუშინ დაუძახეს და ყველაფერზე ხელი მოაწერინეს ალბათ, რაც იქ სჭირდებოდათ” – აცხადებს ცირა ჯავახიშვილი.
სუს-ში კი ამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ოფიციალურად ბრალის წაყენება საერთოდ არ მომხდარა, ვინაიდან ის საავადმყოფოში იმყოფება და შესაბამისად, ადვოკატს მასალებს ვერ გადასცემდნენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.
მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.